logo
ENG



შესაძლო ახალი ფიგურანტი ბაჩალიაშვილის საქმეში - რამიშვილმა პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა 

15 იან 202117:46
3 წუთის საკითხავი
 
შესაძლო ახალი ფიგურანტი ბაჩალიაშვილის საქმეში - რამიშვილმა პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა 

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. საქმე ეხება გამოძიების შეწყვეტას და ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის გაუქმებას.

ამასთან, ოჯახის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათ უწყებაში წარადგინეს ინფორმაცია, რომელიც მისივე თქმით, საქმეში ახალი ფიგურანტის გამოჩენას ეხება. რამიშვილი ამბობს, რომ მათ უწყებას მიაწოდეს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერა მის "ამ დრომდე უცნობ მეგობართან". ადვოკატი აზუსტებს, რომ ხსენებული მიმოწერა ბაჩალიაშვილსა და "მის უცნობ მეგობარს შორის" პროგრამისტის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. 

"საჩივარს თან დაერთო ახალი სქრინი. ეს მიუთითებს, რომ საქმე არაობიექტურად გამოიძიეს. ვითომ ამოიღეს გარკვეული ინფორმაციები და მიწერ-მოწერებ - ეს ყველაფერი ტყუილია. არანაირი თვითმკვლელობა არ ყოფილა, ეს არის ფარსი", - ამბობს მიხეილ რამივილი

რაც შეეხება უშუალოდ მიმოწერას ის შემდეგი შინაარსის არის:

ბაჩალიაშვილი: "ჩემო დაიკუნა ერთი თხოვნა მექნება მე თუ რაიმე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე, წავშლი შენ sms-ებს, არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო"

უცნობი პირი: "არა, შენ არაფერი მოგივა თამო, მაგრამ მაინც გპირდები"

ბაჩალიაშვილი: "მადლობა, მიყვარხარ"

უცნობი პირი: "მეც"

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 17 დეკემბერს შეწყვიტა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

 

 


close დახურვა